პოლონელი ფერმერები უკრაინის საზღვართან 4 გამშვები პუნქტის ბლოკირებას განაგრძობენ. უკრაინის საბაჟო სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, „მედიკ-შეგინის“ გამშვებ პუნქტზე სატვირთო მანქანების მოძრაობა ორივე მიმართულებით შეზღუდულია, ხოლო ავტობუსების და ავტომობილების გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება. „კორჩევა-კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომობილების გადაადგილება 20 აპრილის დილის 09:00 საათამდე იქნება ბლოკირებული. შეგახსენებთ, 18 აპრილს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პოლონელ ფერმერებს მოუწოდა, რომ უკრაინასთან საზღვრის გადაკეტვა შეწყვიტონ. ტუსკის თქმით, უკრაინა ამჟამად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.