უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დღეს პარლამენტის შენობის წინ ისევ გაიმართება. სტუდენტები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან გუშინ ისევ შეიკრიბნენ და მსვლელობით ევროკავშირის ოფისთან მივიდნენ. მათ ევროკავშირს საქართველოს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადეს. მსვლელობისას, აქციის მონაწილეებსა და "ხალხის ძალის" წევრ - დავით კაჭარავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა დეპუტატი კაჭარავა მელიქიშვილის გამზირზე, საკუთარ ავტომობილში შენიშნეს და კითხეს, რატომ დაუჭირა მხარი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დეპუტატი და აქციის ორგანიზატორები შეთანხმდნენ, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო დებატებში მიიღებენ მონაწილეობას. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია. ისინი ხელისუფლებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.