ევროპარლამენტის პლენარულ სესიას, რომელზეც ევროპელმა დეპუტატებმა "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი განიხილეს, შეფასებები მოჰყვა თბილისში. ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გახმოვანებული გზავნილები, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ევროპელმა პარტნიორებმა შესაძლოა ქართული ოცნების ლიდერების მიმართ სანქციები გამოიყენონ. მათივე შეფასებით, თუ საქართველოს მთავრობა რუსულ პოლიტიკას გააგრძელებს, ქვეყნისთვის ევროპის კარი დახურული იქნება. ოპოზიცია და პოლიტოლოგების ნაწილი ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ ურჩევს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი უკან გაიწვიოს.