ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში 20 მაისს პირველი ტექნიკური საჰაერო ფრენა მოსკოვი-სოხუმის მიმართულებით განხორციელდება. გავრცელებული ინფორმაციით, შემოდგომის სეზონზე აეროპორტიდან მუდმივი რეისებიც დაინიშნება. როგორც „ევროპელი დემოკრატების” ლიდერი, პაატა დავითაია „პალიტრანიუსთან“ საუბრისას აცხადებს, აღნიშნული ქმედება რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის კიდევ ერთი გამოვლინებაა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აღნიშნულ საკითხზე იმსჯელოს და რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ საოკუპაციო პოლიტიკას პასუხი გასცეს.