* McDonald’s -
რა თქმა უნდა, ყველა კარგად იცნობს McDonald’s-ის რესტორნების ქსელს, სადაც ყოველთვის შეიძლება სწრაფად და გემრიელად წახემსება, რადგან გიგანტი კომპანია პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქალაქში ფლობს საკუთარ ფილიალს.
მართალია, არსებობს მოსაზრება, თითქოს McDonald’s-ის პროდუქციის ხშირი მოხმარება, არა მხოლოდ ჭარბი კილოგრამების მატებას უწყობს ხელს, არამედ ჯანმრთელობასაც სერიოზულ ზიანს აყენებს, მაგრამ სწრაფი კვების ყველაზე ცნობილი სავაჭრო მარკის პოპულარობა მაინც ყოველ წელს იზრდება. მეტიც, 2023 წლის მონაცემებით, კომპანია წამყვანი მარკეტინგული სტრატეგიითა და თითქმის 50-მილიარდიანი ყოველწლიური შემოსავლით, 40 275 რესტორანს ფლობდა მთელ მსოფლიოში და 152 პოზიციას იკავებდა ამერიკის უმსხვილესი 500 კომპანიის რეიტინგში.
* ძმები მაკდონალდები -
McDonald’s-ის ისტორია კალიფორნიის ქალაქ სან-ბერნარდინოში დაიწყო, სადაც „დიდმა დეპრესიამ“ რიჩარდ და მორის მაკდოლადებს აიძულა გადაბარგება. ჰოლივუდურ კინოსტუდიებში დეკორაციის მონტაჟზე მუშაობით დაგროვილი კაპიტალით ძმებმა პატარა კინოთეატრი გახსნეს, თუმცა წამოწყება ნაკლებად შემოსავლიანი აღმოჩნდა. 1940-იანი წლების დასაწყისში მაკდონალდებმა ჯერ პროფილი შეიცვალეს, მერე კინოთეატრი გადააკეთეს გზისპირა კაფედ ავტომობილისტებისთვის, მის სახურავზე კი, ნეონით განათებული ოქროსფერი თაღები წამოჭიმეს, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად კომერციულ სიმბოლოდ იქცა.
მართალია, კაფე არც განსაკუთრებული მენიუთი გამოირჩეოდა, არც გასტრონომიული აღმოჩენებით, მაგრამ მომგებიანი მდებარეობის წყალობით შემოსავალი მაინც სოლიდური მოჰქონდა. ძმები ყოველ წელს სულ მცირე 200 ათას დოლარს შოულობდნენ, რაც 1940-იანი წლების ამერიკაში საკმაოდ სერიოზულ მოგებად ითვლებოდა. თუმცა, მაკდონალდსები მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ. ყოველდღე ათობით ავტომობილის შემხედვარე, რომლებიც კაფესთან მწკრივდებოდნენ, ძმებმა ბიზნესის მასშტაბების გაზრდა და ცნობილი ავტომწარმოებლის ჰენრი ფორდის მიერ მოფიქრებული ე.წ. „კონვეიერის პრინციპის“ გამოყენებით გადაწყვიტეს მუშაობა.
* „სწრაფი კვების“ კონცეფცია -
ძმებმა რამდენიმე თვით დახურეს საკუთარი კაფე და აქტიურად შეუდგნენ სწრაფი კვების კონცეფციის შემუშავებას. პირველ რიგში, მაკდონალდებმა სამზარეულოს აღჭურვილობა განაახლეს და ერთგვარი ტექნოლოგიური ხაზი შექმნეს ოპერაციების მკაფიო თანმიმდევრობით, რათა კაფეს მომსახურე პერსონალს სწრაფად და მარტივად შეესრულებინა ყველა მოქმედება. მოგვიანებით ძმებმა ჯერ მენიუ შეამცირეს და 25 პუნქტიდან მხოლოდ 11 დატოვეს - ჰამბურგერის და ჩისბურგერის, გამაგრილებელი სამსმელებისა და რძის კოქტეილების ჩათვლით, მერე კი, თვითმომსახურების პრინციპი შემოიღეს და ორმაგად გააიაფეს საკუთარი პროდუქცია.
კაფემ, რომელიც 1948 წელს გაიხსნა და McDonald’s-ის სახელი შეიძინა, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგებაც, თუმცა მაკდოლადებმა მაინც ვერ შეძლეს საკუთარი წამოწყების ფინანსური პოტენციალის სრულად გამოყენება, რადგან 1954 წელს, მიღებული შემოსავლით კმაყოფილებმა ახლად გაცნობილ მეწარმეს რეი კროკს მიჰყიდეს ფრანჩაიზინგის ექსკლუზიური აგენტის უფლება. ასე რომ, თანამედროვე McDonald’s იმ სახით, რომლითაც მთელმა მსოფლიომ გაიცნო, სინამდვილეში არა ძმებმა, არამედ რეი კროკმა შექმნა.
* რეი კროკი -
52 წლის რეი კროკს საკმაოდ მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდა, რადგან პირველი მსოფლიო ომის დროს 15 წლისამ დოკუმენტები გააყალბა და ასაკის მომატებით ჯერ მოხალისედ შეუერთდა წითელი ჯვრის საავტომობილო ბრიგადას, მერე მძღოლად მსახურობდა ფეხოსანთა დივიზიაში. ომიდან დაბრუნებული კროკი ხუთი წელი მუზიცირებდა ჩიკაგოში, ერთ-ერთი ღამის კლუბის ჯაზ-ბენდში, საიდანაც ფლორიდაში გადაინაცვლა და უძრავი ქონების სააგენტო გახსნა, თუმცა განსაკუთრებულ წარმატებას ვერც იქ მიაღწია და საბოლოოდ კოქტეილის მიქსერების გაყიდვას შეუდგა.
1954 წელ კროკმა მეტად უჩვეულო დაკვეთა მიიღო, რადგან სან-ბერნანდინოს პატარა კაფეს მფლობელებმა ერთდროულად 10 მიქსერი დაუკვეთეს, რითაც ძალიან გააკვირვეს, რადგან მსგავსი აღჭურვილობა არა გზისპირა სასაუზმისთვის, არამედ სოლიდური რესტორნისთვისაც ძალიან ბევრი იყო.
„ან მე არ მესმის ამ ცხოვრების არაფერი ან კალიფორნიელმა მეწარმეებმა მოიფიქრეს მიქსერებით ფულის შოვნის ახალი მეთოდი“, - მეუღლეს გაუზიარა საკუთარი გაოცება კროკმა და პირველივე რეისით გაემგზავრა სან-ბერნარდინოში. პატარა ქალაქში ჩასულ კროკს ძალიან გაუკვირდა, როცა უზარმაზარი რიგი აღმოაჩინა მაკდონალდების კაფეში, რომელიც სწორედ კონვეიერის სისტემით მუშაობდა - მყიდველები სწრაფად იღებდნენ დახლიდან ჰამბურგერს პაკეტებით და სწრაფადვე ასწორებდნენ ანგარიშს მოლარესთან ზედმეტი ხმაურისა და რიგის შეყოვნების გარეშე.
* პირველი McDonald’s -
კროკმა, რომელიც კიდევ ერთხელ დარწმუნდა ფორდის მიერ გამოგონილი სისტემის უნიკალურობაში, უარი თქვა საკუთარ ბიზნესზე და მაკდონალდსების ფრანჩაიზინგის ექსკლუზიური აგენტი გახდა, 1955 წელს კი, კომპანია McDonald’s Systems Inc დააარსა, რომელსაც 5 წლის შემდეგ სახელი შეუცვალა და McDonald’s Corporation დაარქვა.
1955 წლის 15 აპრილს McDonald’s-ის პირველი რესტორანი კროკმა არა მსხვილ მეგაპოლისში, არამედ ილინოისის შტატის პატარა ქალაქ დეს-პლეისში გახსნა, თუმცა კვების ობიექტმა „ოქროს თაღებით“ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და სოკოებივით გამრავლდა მთელ ამერიკაში. აღსანიშნავია, რომ კროკის ინიციატივით ფრაჩაიზის ლიცენზიის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლო 950 დოლარად, უკვე შეძენილი რესტორნის მფლობელები კი, შემოსავლის 1,9 პროცენტს იხდიდნენ, რომლის 0,5 პროცენტი ძმებ მაკდონალდების „სალაროში“ ირიცხებოდა.
* „ხარისხი, კულტურა, სისუფთავე და ხელმისაწვდომობა“ -
1956 წელს McDonald’s-ის 17 რესტორნის მოგებამ 1,2 მილიონი დოლარი შეადგინა, 4 წლის შემდეგ ქსელს კიდევ 228 რესტორანი შეუერთდა 38-მილიონიანი შემოსავლით, 5 წლის შემდეგ კი, McDonald’s Corporation-ის აქტივმა 10 ათასამდე რესტორანი გააერთიანა. მსგავსი წარმატება პირველ რიგში კროკის დამსახურება აღმოჩნდა, რომელმაც 1961 წელს 2,7 მილიონ დოლარად შეიძინა ძმებისგან ბიზნესი და არა მხოლოდ ფრანჩაიზინგული კომპანიის სრულუფლებიანი მფლობელი გახდა, არამედ მაქსიმალური სოლიდურობა და რესპექტაბელურობა შესძინა ბრენდულ რესტორნებს.
კროკი არა მხოლოდ კულინარული ტექნოლოგიის, არამედ კლიენტთა მომსახურების იდეოლოგიის დახვეწასაც ცდილობდა. სწორედ მან ჩამოაყალიბა ე.წ. „ხარისხის, კულტურის, სისუფთავისა და ხელმისაწვდომობის“ ცნობილი სისტემა, რომელიც განსხვავებული კულტურული ტრადიციების მიუხედავად საქმიანობის ნებისმიერი სფეროსთვის სასარგებლო კორპორატიულ ფილოსოფიად იქცა და დღესაც მეტად ეფექტურად მუშაობს.
* ჰამბურგოლოგიის უნივერსიტეტი -
1961 წელს სწრაფი კვების ბიზნესით გატაცებულმა კროკმა მეტად უჩვეულო სასწავლებელი - „ჰამბურგოლოგიის უნივერსიტეტი“ გახსნა ილინოისის შტატში მზარეულების მოსამზადებლად. მეტიც, 1960-იანი წლების ბოლომდე McDonald’s-ის რესტორნებში მხოლოდ იმ თანამშრომლებს ჰქონდათ ჰამბურგერის მომზადების უფლება, ვინც უნივერსიტეტის დიპლომს ფლობდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ დღეს ამერიკაში 80 ათასამდე ადამიანი ფლობს ბაკალავრის ხარიხსს „ჰამბურგოლოგიის დარგში“.
* მსოფლიო ექსპანსია -
McDonald’s-ის მსოფლიო ექსპანსია 1968 წელს დაიწყო კანადაში პირველი რესტორნის გახსნით, 12 წლის შემდეგ კი, კომპანიამ ოკეანე გადალახა და ჯერ ევროპასა და აზიაში, მერე ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და ავსტრალიაში შეჭრით დაიპყრო პრაქტიკულად ყველა კონტინენტი. დღეს მსოფლიოში McDonald’s-ის 40 ათასზე მეტი რესტორანი ფუნქციონირებს, რომელთაც ყოველდღიურად სულ მცირე 8 ახალი კვების ობიექტი ემატება.
ყველაზე მყარი პოზიციები McDonald’s ე.წ. „დიდი ექვსეულის ქვეყნებში“ - გერმანიასა და ავსტრალიაში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში აქვს, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით მაინც კანადასა და იაპონიაში სარგებლობს, რადგან სწორედ 1000 კანადური და 2 500 იაპონური რესტორანი ავსებს McDonald’s-ის ბიუჯეტის 45 პროცენტს.
* „მაკჯობი“ -
მართალია, McDonald’s-ის ქსელში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობას ახალგაზრდები წარმოადგენენ, მაგრამ რუტინული სამუშაოს გამო რესტორნებში დიდი ხნით არავინ ჩერდება, ამიტომ მუდმივი როტაცია კომპანიის ერთგვარ ტრადიციად იქცა.
სხვათა შორის, მწერლის დუგლას კოუპლენდის წყალობით 1980-იანი წლების ბოლოს ამერიკელთა ლექსიკაში ახალი ტერმინი - „მაკჯობი“ გაჩნდა, რომელიც 2003 წელს ოქსფორდის ლექსიკონშიც შევიდა. ტერმინმა, რაც „დროებით, ცუდად ანაზღაურებად და უპერსპექტივო სამუშაოს“ ნიშნავს, ძალიან გააღიზიანა McDonald’s-ის ხელმძღვანელები, რომელთაც მისი ლექსიკონიდან ამოღებაც კი მოინდომა, თუმცა სასამართლოში სარჩელის შეტანის მიუხედავად მაინც ვერ შეძლეს სასურველი შედეგის მიღწევა.
* McDonald’s-ის ნაციონალური თავისებურებები -
მართალია, რესტორნების საერთო ასორტიმენტი ჩიკაგოში, კორპორაციის შტაბ-ბინაში მტკიცდება, მაგრამ ნაციონალური გასტრონომიული ტრადიციების გათვალისწინებით, საკუთარ მენიუს სხვადასხვა ქვეყნის რესტორნები მაინც ინდივიდუალურად განსაზღვრავენ. მაგალითად, მუსლიმანურ ქვეყნებში შეუძლებელია სენდვიჩის ღორის ხორცით დაგემოვნება, ინდოეთში - საქონლის ხორცზე თქვეს უარი, იტალიელებმა კი, ვერც ამ შემთხვევაში დათმეს მშობლიური პიცა, თუმცა ოდნავ შეცვალეს ტრადიციული რეცეპტი და მომზადების წესი. აღსანიშნავია, რომ McDonald’s ყველა ქვეყანაში აქტიურად უჭერს მხარს ადგილობრივ ფერმერებსა და სურსათის მწარმოებლებს, გამონაკლისად მხოლოდ სოუსები ითვლება, რომლითაც ნებისმიერი ქვეყნის რესტორნებს ამერიკელები ამარაგებენ.
* რეკორდები -
McDonald’s-მა უამრავი რეკორდი დაამყარა - მომსახურების სისწრაფით დაწყებული, თანამშრომლებისა და კლიენტების რაოდენობით დასრულებული. ერთ-ერთი პირველი რეკორდი ჩინეთში დაფიქსირდა 1992 წელს, როცა პეკინის რესტორანმა ერთ დღეში უმასპინძლა 45 ათას მომხმარებელს. სხვათა შორის, ჩინელები დღემდე ინარჩუნებენ ლიდერობას, რადგან მათი რეკორდის დაძლევა ჯერ ვერავინ მოახერხა.
* კროკის მემკვიდრეობა -
კროკის მიერ შემუშავებული საორგანიზაციო სტრუქტურის წყალობით, გიგანტური კორპორაცია ათწლეულების შემდეგაც ერთგვარი ავტომატიზირებულ საწარმოს მსგავსად მუშაობს, ამიტომ ძალიან მარტივია მისი მართვა და ხელმძღვანელობა. დღეს კორპორაციას კრის კემპჩინსკი უდგას სათავეში, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას და ნაკლებად ერევა სხვა ქვეყნის რესტორნების მუშაობაში, თუმცა პერიოდულად ახორციელებს ე.წ. კორექტირების გემას, რომელსაც მსოფლიოს ყველა რესტორანი უპირობოდ ასრულებს.
* მავნებელი საკვები -
1990-იანი წლების ბოლოს, როცა ამერიკაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ჭარბ წონასთან ბრძოლა, McDonald’s-მა დაბალკალორიული პროდუქტის ხაზი შეიმუშავა და გლობალური მარკეტინგული კამპანია წამოიწყო, რომელმაც ამერიკელებს ჯანსაღი კვებისა და აქტიური სპორტული ცხოვრებისკენ მოუწოდა. მონდომების მიუხედავად, წამოწყებამ ნაკლებად გაამართლა, რადგან მედიკოსებმა სწორედ McDonald’s დაადანაშაულეს „ნაციის ფიზიკურ დეგრადაციაში“, მით უფრო, რომ ვერც დიეტურმა მენიუმ მოიპოვა განსაკუთრებული პოპულარობა, რამაც 2004 წელს McDonald’s-ის მესვეურებს ქსელის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოზე - Supersize-ად წოდებულ ულუფაზე აიძულა უარის თქმა.
გავლენა სწრაფი კვების მოყვარულთათვის მეტად მტკივნეულ გადაწყვეტილებაზე დოკუმენტურმა ფილმმა „ორმაგმა ულუფამ“ მოახდინა, რომლის ავტორმა მორგან სპერლოკმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა და მთელი 30 დღე მხოლოდ McDonald’s-ის საკვები მიირთვა, რითაც აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა საკუთარ ჯანმრთელობას. მართალია, სპერლოკის ექსპერიმენტულმა ფილმმა, რომელმაც რამდენიმე ჯილდო დაიმსახურა და ნამდვილ ჰიტად იქცა ამერიკაში, მთელ მსოფლიოში შეათხელა სწრაფი კვების გიგანტის მრავალრიცხოვანი ფანების არმია, მაგრამ მხოლოდ დროებით, რადგან როგორც აღმოჩნდა, კაცობრიობა ვერსდროს იტყვის უარს ვერც McDonald’s-ის რესტორნების სტუმრობაზე, ვერც საფირმო ბიგმაკისა და ჰამბურგერის დაგემოვნებაზე.