აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის ისრაელისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას შეაჩერებს, თუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ რაფაჰში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს. იმ ბომბებზე საუბრისას, რომლის მიწოდებაც აშშ-მა ისრაელს გასულ კვირას შეუჩერა, ბაიდენმა აღნიშნა, რომ რაფაჰის დაბომბვის შედეგად, ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას გააგრძელებს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ გასულ კვირას, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელს 3 500 საბრძოლო მასალის მიწოდება შეუჩერა და მათგან ნახევარზე მეტი 2 000-ფუნტიანი ბომბები იყო.