თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩევლის, ჯონ კირბის განცხადებით, რაფაჰში დაგეგმილი ოპერაცია „ჰამასს“ ვერ დაამარცხებს. მისივე თქმით, „ჰამასის“ განადგურებისთვის უკეთესი გზებიც არსებობს, ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობის საფრთხეში ჩაგდებაა. კირბი ხაზს უსვამს, რომ აშშ-სა და ისრაელის კონსულტაციები რაფაჰში ძირითადი სახმელეთო ოპერაციის ალტერნატივების შესახებ კვლავ მიმდინარეობს. მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ისრაელში ბომბების გაგზავნის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ბაიდენთან ამ უთანხმოების დასაძლევად შესაბამის გზებს გამონახავს. ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ჯარი ყველაფერს აკეთებს, რათა მშვიდობიან მოქალაქეებს რაფაჰის დატოვების საშუალება მიეცეთ.