ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნა მმართველ პარტიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა აღნიშნულ დასკვნაში სამართლებრივი არგუმენტები ვერ დაინახეს და განაცხადეს, რომ ამ დოკუმენტს სამართლებრივი ღირებულება ვერ ექნება, რადგანაც, მათი შეფასებით, მასში აღნიშნულია, რომ გამჭვირვალობა ცუდია. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. მათი თქმით, „ქართულ ოცნებას“ უკვე ღიად აქვს არჩეული პრორუსული კურსი და ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ხელისუფლებამ ე.წ რუსულ კანონზე უარი უნდა თქვას.