"ქართული ოცნება" "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონების პაკეტს აინიცირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას ცვლილებების მთავარი ასპექტები უკვე გააცნო. ცვლილებებით, ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება კანონმდებლობით იქნება დაუშვებელი, ასევე მაუწყებელი ვეღარ გაავრცელებს ისეთ ინფორმაციას ან რეკლამას, რომელიც ლგბტ პროპაგანდისკენ იქნება მიმართული. საკანონმდებლო პაკეტით მოწესრიგდება შვილად აყვანის, სქესის შეცვლისა და სექსუალური უმცირესობების შეკრების პროცედურებიც. პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე 17 მაისს გამართულმა სახალხო შეკრებამ რეფერენდუმის დატვირთვა შეიძინა, სწორედ ამიტომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დაწესდება და ის უქმედ გამოცხადდება. ქართული ოცნების საკანონმდებლო ინიციატივას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.