ე.წ გამჭვირვალობის კანონის ავტორებისა და მხარდამჭერების სანქცირებას ელოდება ოპოზიცია. ეჭვებსა და მოლოდინებს მათ კონგრესში გამართული განხილვაც უმყარებს. საუბარია „MEGOBARI Act“-ზე, რომლის მხარდამჭერმა კონგრესმენებმაც აღნიშნეს, რომ მიესალმებიან სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ვიზების შეზღუდვების შესახებ. ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ყველა მკაცრი ბერკეტი უნდა გამოიყენოს. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, ჰელსინკის კომისიაში გამართულმა განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ძლიერი, საიმედო და ერთგული პარტნიორია. მათი თქმით ვინც ე.წ "რუსული კანონის" მომზადებაში და მხარდაჭერაში მონაწილეობდა, ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუციებს და აძლიერებს ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმს.