საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი აშენდება, ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების, პრემიერის მოხსენებაშია ნათქვამი. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მხარეებს შორის შეთანხმდა ხელშეკრულების პროექტი, რომელიც მზად არის შიდა პროცედურებზე გასაგზავნად. ამასთან, დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ახალი, ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტი ხელს შეუწყობს ქვეყნების სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებას და კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირებს. პროექტის განხორციელების მიზნით, შექმნილია საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი და მხარეებს შორის მიმდინარეობს არქიტექტურული პროექტის დამუშავება.