ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. ვნახოთ, რომელი დარგი ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს. სტატისტიკა გვეუბნება, რომ მიმდინარე წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 749 400 კაცი იყო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4.6 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.5 პროცენტი ქალია, ხოლო 56.5 პროცენტი - კაცი. აღნიშნულ პერიოდში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობის დარგები ლიდერობენ. როგორც საქსტატის მონაცემები ცხადყოფს, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი ასევე მიუძღვით, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაცია და კომუნიკაციის და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებს. საქსტატის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტ ადამიანს მსხვილი საწარმოები ასაქმებენ, შემდეგ მცირე, ბოლო ადგილზე კი საშუალო ზომის საწარმოები არიან. 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემები ასეთია: მსხვილი საწარმო - 332 191 დასაქმებული; მცირე ზომის საწარმოები - 270 722 დასაქმებული და საშუალო ზომის საწარმოები - 146 504 დასაქმებული.