თბილისის ახალი აეროპორტის გენგეგმის ბიუჯეტი 736 ათასი დოლარია - პროექტს აზიის განვითარების ბანკი და აეროპორტების გაერთიანება განახორციელებენ. თბილისის ახალი აეროპორტის გენერალური გეგმის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული. ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გეგმად დასახულია ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარება ვაზიანში (თბილისიდან 23 კმ მანძილზე), რომელმაც, გეგმის მიხედვით, უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნა შემდეგი 30 წლის განმავლობაში. ახალ აეროპორტს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ორივე ფაზის მშენებლობის შემდეგ 18 მილიონზე მეტი მგზავრი. ამ ეტაპზე მომზადებულია განკარგულების პროექტი „აეროპორტების გაერთიანებასა“ და აზიის განვითარების ბანკთან გასაფორმებელი მემორანდუმის შესახებ, რომლის თანახმად, ADB „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ თანადაფინანსებით უზრუნველყოფს თბილისის ახალი აეროპორტისთვის ე.წ. მასტერპლანის მომსახურების შესყიდვას. უშუალოდ მასტერპლანის ბიუჯეტი შეადგენს 736 000 აშშ დოლარს, სადაც ADB და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წარმოდგენილია თანაბარი კონტრიბუციით. ტენდერის გამოცხადება იგეგმება უახლოეს პერიოდში და განვითარების გეგმის დასასრულებლად საჭირო იქნება 6-8 თვე.