ევროპული საბჭო საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტს განიხილავს - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, არაერთი გაფრთხილების ფონზე საქართველოს პარლამენტმა კანონი მაინც მიიღო, ამას კი ევროკავშირის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები მოყვება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გადახედვის კუთხით. უვიზო რეჟიმის შეჩერებას არ ელოდებიან მმართველ გუნდში. ქართული ოცნების ლიდერების განცხადებით, საქართველო და მისი მოქალაქეები ასეთ მიდგომას არ იმსახურებენ. მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას ოპოზიცია მმართველ ძალას აკისრებს.