რუსეთი კარიბის ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავს. რუსული სამხედრო ხომალდები და თვითმფრინავები კარიბის ზღვაში უახლოეს კვირებში ჩავლენ და იქ ზაფხულის ბოლომდე დარჩებიან. მათ გადაადგილებას მეთვალყურეობას აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტი გაუწევს. მედიაში ვარაუდობენ, რუსული გემები ვენესუელის და კუბის პორტებში შევლენ. დასავლურ მედიასაშუალებებში აცხადებენ, რომ კარიბის ზღვის აუზში გემების გაგზავნა არის რუსეთის პასუხი აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გაფართოებაზე. ამასთან, „გარდიანის“ ცნობით, კუბის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მომდევნო კვირაში ჰავანის პორტში შევა რამდენიმე რუსული ხომალდი და ასევე, წყალქვეშა ნავი „ყაზანი“, თუმცა ის ბირთვული იარაღით არ იქნება აღჭურვილი. აშშ-ის კონგრესი რუსეთის მიერ კარიბის ზღვაში დაგეგმილი სამხედრო წვრთნების შესახებ 5 ივნისს იყო ინფორმირებული. ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ რუსული სამხედრო ხომალდები კარიბის ზღვის აუზში ზაფხულის ბოლომდე დარჩებიან.