საქართველოდან აზერბაიჯანში ცხვრის ექსპორტი აქტიურ ფაზაში მაისის ბოლოდან შევიდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო წერს. სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში წვრილფეხა პირუტყვის ჭირის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს, შესაბამისად, აზერბაიჯანის მხრიდან ცხვრის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია. მიმდინარე წელს, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის ლაბორატორიულად დადასტურებისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოპერატიულად გაატარა დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებები, რაც გულისხმობს ცხოველთა გადაადგილებაზე ზედამხედველობის გაძლიერებას, ვაქცინაციას, დეზინფექციას და სხვა შესაბამის აქტივობებს. სააგენტომ ინფორმაცია დროულად მიაწოდა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას. დაავადებასთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ სააგენტოს უსასყიდლოდ გადასცა 1 მლნ დოზა ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა და დამხმარე აღჭურვილობა.