დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს რომ რეალური პრეზიდენტი ჰყოლოდა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პატივს სცემდა, ის უკრაინაში არასდროს შეიჭრებოდა. როგორც ტრამპი განმარტავს, უკრაინაში შეჭრისკენ პუტინს ბაიდენის ავღანეთთან დაკავშირებით ქმედებამ უბიძგა, სადაც, მისივე თქმით,მოქმედმა პრეზიდენტმა სრული არაკომპეტენტურობა გამოავლინა და ძალიან არასწორად მოიქცა. წამყვანის კითხვაზე, მისაღებია თუ არა მისთვის პუტინის პირობები უკრაინის ტერიტორიების შენარჩუნებასთან დაკავშირებით, ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არასდროს უნდა მომხდარიყო, ამერიკას კი თანხები, რომლებიც აღნიშნულ კონფლიქტზე დახარჯა, არ უნდა გაეღო. ტრამპის თქმით უკრაინა ომს ვერ მოიგებს. მანვე ხაზგასმით თქვა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ომის შეჩერება შეუძლია. ბაიდენის განცხადებით, პუტინი სამხედრო დამნაშავეა, რომელმაც ათასობით ადამიანი დახოცა. ამასთან, ავღანეთზე საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულში ისაა ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც არ ჰყავს სამხედროები, რომლებიც მსოფლიოს რომელიმე ნაწილში იღუპებიან. მან ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას ავღანეთში ჯერ კიდევ ხოცავდნენ ადამიანებს, ექს პრეზიდენტი კი არაფერს აკეთებდა.