დებიუტანტი საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალშია. გულშემატკივარი მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება. ხვალ, 23 საათზე საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება. ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამბობს, რომ ფეხბურთელები 100%-ით ემზადებიან მატჩისთვის ესპანეთთან და ყველაფერს გააკეთებენ კიდევ ერთი სასწაულის მოსახდენად. ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი თბილისის დროით 15:45 საათიდან გერმანიაში პრესკონფერენციას გამართავს. ისტორიული თამაში ქალაქ კიოლნში გაიმართება. საქართველოს გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ყველა ბილეთი გაყიდვაში ჩაშვებიდან რამდენიმე წუთში გაიყიდა. ქომაგებისთვის სუბსიდირებულ ოთხ ჩარტერულ რეისზე ბილეთების შეძენა უკვე დაწყებულია. ფრენები კიოლნის მიმართულებით დღეს და 30 ივნისს შესრულდება. ერთი გზის ღირებულება, წინა სუბსიდირებული რეისების მსგავსად, 195 ევროს შეადგენს.