თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიოლნის მიმართულებით მთავრობის მიერ ორგანიზებული დამატებული სპეციალური ჩარტერული რეისით ქართველი გულშემატკივრების 219 - კაციანი ჯგუფი გაემგზავრა, რომლებიც 30 ივნისს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ესპანეთის გუნდის წინააღმდეგ მატჩში უქომაგებენ. ისინი გერმანიაში სპეციალური, სუბსიდირებული ბილეთით გაემგზავრნენ. დღეს და ხვალ დამატებით ორი ჩარტერული რეისი შესრულდება, ხოლო 1 და 2 ივლისს კიოლნიდან ქართველი ქომაგები სუბსიდირებული ბილეთით სამშობლოში დაბრუნდებიან. სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულებაა EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს EUR 390-ს. ჩარტერულ რეისებს ასრულებენ ავიაკომპანიები: ჯორჯიან ეარვეისი და ჯორჯიან ვინგსი. სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ.