უნგრეთი, დღეიდან, პირველი ივლისიდან, მომდევნო ექვსი თვით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, მოწოდებით "გავხადოთ ევროპა ისევ დიდებული". უნგრეთის განცხადებით, მათი პრიორიტეტები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება, არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოგვარება და ეკონომიკური კონკურენტ უნარიანობაა. უნგრეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის პოსტის დაკავებამდე, ბლოკმა დააჩქარა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღება და უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებები დაიწყო. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის როლი დღის წესრიგის დადგენაა, ასევე, ევროკავშირის წევრების შეხვედრების თავმჯდომარეობა ყველა სფეროში, გარდა საგარეო ან ევროზონის საკითხებისა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის მოძიება და ევროპარლამენტთან კანონმდებლობის საბროკერო შეთანხმებებია.