როდის აპირებს მმართველი გუნდი ამნისტიის შესახებ კანონპროექტის საკანონმდებლო ორგანოში დაინიცირებას - საპარლამენტო უმრავლესობაში კანონპროექტის დეტალებზე ვერ საუბრობენ და ამბობენ, რომ ჯერჯერობით უცნობია სისხლის სამართლის კოდექსის რომელ მუხლებზე გავრცელდება ამნისტია. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების თქმით, გუნდში ამნისტიის ინიციატივაზე დიდი ხანია მუშაობენ და აღნიშნული საკითხის წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირება შეცდომაა. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. იმის მიუხედავად ,რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი მმართველი გუნდის ინიციატივას მხარს უჭერს, ამბობენ რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ მოსახლეობის ხმებზე ნადირობას აპირებს.