პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამერიკაში "პერსონალურ შიკრიკად" გააგზავნა, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში ფიქრობენ რომ ბიძინა ივანიშვილმა ვაჭრობა ოფიციალურად დაიწყო და მას მცდელობა ექნება, როგორმე დაალაგოს ურთიერთობა აშშ-სთან. ხელისუფლების ოპონენტების თქმით იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა აღდგეს, აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ფიქრობენ, რომ გიორგი გახარია ჭორებზე გადავიდა, რადგან მისი პოლიტიკური რეპუტაცია ყოველდღიურად ეცემა.