კარიბის ზღვის კუნძულებს ქარიშხალი „ბერილი“დაატყდა თავს, რის შედეგადაც, მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, „ბერილმა“ სრული განადგურების კვალი დატოვა გრენადაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში. არსებული ინფორმაციით, ასობით შენობა, მათ შორის სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და პოლიციის განყოფილებები, მნიშვნელოვნად დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა. წინასწარი შეფასებით, კუნძულ იუნიონზე შენობების სულ მცირე 90 პროცენტი განადგურდა ან დაზიანდა. ქარიშხალი იამაიკისკენ მიემართება. ის მე-5 კატეგორიიდან მე-4-მდე შემცირდა, თუმცა აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ „ბერილს“ იამაიკის ნაწილებსა და კაიმანის კუნძულებზე დამანგრეველი ქარიშხლის გამოწვევა მაინც შეუძლია.