ვინ გახდება ქვეყნის მთავარი პროკურორი - ვაკანტური ადგილის დასაკავებლად მსურველებთან გასაუბრება უკვე დაიწყო. საპროკურორო საბჭომ უკვე მოუსმინა იურისტ ლალი ბუნტურს, რომელიც პოლიტიკურმა გაერთიანებამ, "საქართველომ" წარადგინა. საბჭოს წევრებს აინტერესებდათ მისი გამოცდილება და ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენია პროკურატურის შემდგომი განვითარება. გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ლალი ბუნტურს შენიშვნები ჰქონდა პარტია "გირჩის" ლიდერთან. იურისტის თქმით, პროკურორი რომ ყოფილიყო, იაგო ხვიჩიას ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების გამო დააკავებდა. პროკურორობის კანდიდატს კითხვა დაუსვეს მის ნასამართლეობასთან დაკავშირებითაც. ლალი ბუნტური ამბობს, რომ წარსულში, ქურდობაზე პირს იცავდა, საქმის მიმდინარეობისას კი მას თაღლითობის მუხლით ბრალი წარუდგინეს. ბუნტური განმარტავს, რომ ის ამ საქმეში მართალი იყო.