თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროექტს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარესა და ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის შედეგად ბაგები-წყნეთიდან უნივერსიტეტის ქუჩისკენ წამოსული ნაკადები გადანაწილდება და მოძრაობა განიტვირთება. აღნიშნული გვირაბი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და გასასვლელი მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული. პროექტის ფარგლებში, გვირაბის მისასვლელი პანდუსები და ტროტუარები მოეწყობა. ასევე, ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, გაკეთდება სანიაღვრე ქსელი და სანათები დამონტაჟდება.