შეერთებული შტატები პოლონეთს იარაღის შესაძენად 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხს გამოუყოფს, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„პოლონეთი აშშ-ის მტკიცე მოკავშირეა და ეს შეთანხმება კიდევ უფრო გააძლიერებს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს. პოლონეთი ახორციელებს სამხედრო მოდერნიზაციის მთავარ პროგრამას, რომელიც მოიცავს აშშ-ის თავდაცვის აღჭურვილობის შეძენას, როგორიცაა F-35 ტიპის თვითმფრინავები, Patriot-ის სარაკეტო სისტემები და Abrams-ის საბრძოლო ტანკები“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ პოლონეთი ლიდერია ნატო-ში, რომელიც თავდაცვაზე ამჟამად მშპ-ს 4 პროცენტს ხარჯავს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ალიანსში.
„ამ სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებისთვის აშშ-ის მთავრობა 60 მილიონ აშშ დოლარამდე საგარეო სამხედრო დაფინანსებას გამოყოფს, რაც ხელს შეუწყობს პოლონეთის თავდაცვის მოდერნიზაციის დაჩქარებას შეერთებული შტატებიდან თავდაცვის პროდუქციისა და მომსახურების გადაუდებელი შესყიდვების მხარდაჭერით. საგარეო სამხედრო დაფინანსების პირდაპირი სესხები არის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ინსტრუმენტი, რომელიც დაცულია უსაფრთხოების სფეროში ზოგიერთი ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორისთვის. სესხის თანხები კიდევ უფრო გააძლიერებს პოლონეთის სამხედრო მოდერნიზაციის ძალისხმევას, რაც არსებითად შეუწყობს ხელს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერებას“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.