სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია დღეიდან თბილისში შეხვედრებს იწყებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, უზრა ზეია მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც ცნობილია, ის კიდევ ერთხელ გამოხატავს აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას ე.წ. „გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, არალიბერალურ კანონმდებლობასთან და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მთავრობის წევრებს ეტყვის, რომ მათმა არადემოკრატიულმა ქმედებებმა და შეერთებული შტატების შესახებ დეზინფორმაციამ, შტატებთან ხანგრძლივი ურთიერთობა დააზიანა. სახელმიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ისაუბრებს დემოკრატიულ მმართველობაზე, ანტიკორუფციულ საკითხებზე, მედიის თავისუფლებაზე, გამოხატვის თავისუფლებასა და მოწყვლადი ჯგუფების ინკლუზიურობაზე.