საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკასა და ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია მმართველ პარტიას აკისრებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების ფონზე, პარტნიორები მცდელობას არ აკლებენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი საბოლოოდ არ დაიხუროს. მმართველი ძალის ოპონენტები ამბობენ, რომ პარტნიორები დახმარებას არა ქართველ ხალხს, არამედ ხელისუფლებას უჩერებენ, რომელიც, მათი თქმით, არის პრორუსული. საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ამბობს, რომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არსებობს. 2 დღის წინ კი ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაჩერებულია და ბლოკმა საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა.