საპენსიო შენატანების დარღვევისთვის 220 პირი ჯამში 110 ათასი ლარით დაჯარიმდა. აღსანიშანვია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მოიცავს პერიოდს მიმდინარე წლის იანვრიდან 1-ელ ივნისამდე და იგულისხმება საპქნსიო შენატანების წესის დარღვევა, როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის მხრიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე თითქმის იმავე რაოდენობის პირი დაჯარიმდა, რამდენიც გასულ წელს მთლიანად. უფრო კონკრეტულად, 2023 წელს საპენსიო შენატანების დარღვევისთვის 223 პირის მიმართ 113 500 ლარის ჯარიმა გამოიწერა. შეგახსენებთ, რომ დამსაქმებლის ან დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა პირველ ჯერზე ითვალისწინებს 500 ლარიან ჯარიმას, განმეორებით შემთხვევაში კი ფულადი სანქცია ორმაგდება. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის მონიტორინგი და დაჯარიმების ფუნქციები მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან შემოსავლების სამსახურიდან საპენსიო სააგენტოს უფლებამოსილების ქვეშ გადავიდა. ამასთან, ცვლილებებამდე არ არსებობდა დარღვევის შემთხვევაში აღსრულების მექანიზმები, ახლა კი პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროც ჩაერთვება.