ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და გერმანია ღვინის ყველაზე დიდი იმპორტიორები არიან მსოფლიოში. ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ინფორმაციით პირველობას ამ თვალსაზრისით ამერიკა არ თმობს, სადაც გასულ წელს ღვინის იმპორტმა თითქმის 7 მლრდ დოლარი შეადგინა. წამყვან სამეულში როგორც უკვე გითხარით მოხვდა დიდი ბრიტანეთი, სადაც შარშან ღვინის იმპორტმა 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და გერმანიაა, რომელმაც დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ღვინო იყიდა. იმპორტიორების ტოპ ათეულში რუსეთი ვერ მოხვდა და რეიტინგში მხოლოდ მეცამეტე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციაციამ რუსეთის მაჩვენებელში იმპორტთან ერთად ექსპორტის ღირებულებაც შეიყვანა, რამაც მთლიანობაში 876 მლნ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ჩინეთს, რეიტინგში ცალკე არის დათვლილი ჰონგ-კონგის საიმპორტო ღირებულება, რამაც 969 მლნ დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით ჰონგ-კონგი ტოპ 10-ეულის მიჯნაზე, მე-11 ადგილზეა, ხოლო ჯამში ჩინეთი 2 მილიარდ 129 მილიონი დოლარის საიმპორტო ღირებილებით მერვედან მეოთხე ადგილზე გადადის. ცნობისთვის: ასოციაციის 2022-23 წლების რეიტინგში საქართველო ჩინეთის ღვინის იმპორტში წამყვანი ქვეყნების ტოპ 10-ეულს ხურავს. კერძოდ, 2022 წელს ჩინეთმა საქართველოდან დაახლოებით 15 მლნ დოლარის, ხოლო 2023 წელს შედარბით ნაკლები, დაახლოებით 12 მლნ დოლარის ღვინის იმპორტი მოახდინა. ამდენად, ერთ წელიწადში საქართველოდან ჩინეთში ღვინის იმპორტი 22,2%-ით შემცირდა.