ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელის იერიშებს 49 ადამიანი ემსხვერპლა, 219 კი დაშავდა. უწყებაში შიშობენ, რომ ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობა ჯაბალიაში, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებაშია, სადაც სარაკეტო თავდასხმა საღამოს 10 საათისთვის მოხდა. ამავდროულად, ვითარება კვლავ რთულია ლიბანშიც. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა. ნორვეგიამ ლიბანიდან დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქებები ბეირუთში არსებულ ნორვეგიის საელჩოსთანაც მოხდა.