თბილისში, სიონის ქუჩაზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2024" დასრულდა.
ორგანიზატორების შეფასებით, ფესტივალი წარმატებით დასრულდა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
"ფესტივალმა წარმატებით ჩაიარა, კმაყოფილები არიან როგორც კომპანიები, ისე მოსული სტუმრებიც. უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის ძალიან ბევრი ტურისტიც იყო, რომლებიც ასევე ძალიან ნასიამოვნები იყვნენ, უამრავი ფოტო და ვიდეო გადაიღეს, ქართული ღვინო და პროდუქტებიც დააგემოვნეს",- ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა ანა ჯიქიამ.
ცნობისთვის, ქართული ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს, სიონის ქუჩაზე 12:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათამდე გაგრძელდა.
ადგილზე ღვინის მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეობები, ოჯახური მარნები, ხელნაკეთი ნივთები, სხვადასხვა კვების ობიექტები და სხვა ქართული კომპანიების მიერ შექმნილი პროდუქტები იყო წარმოდგენილი.
მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა ქართული წარმოების ღვინო და პროდუქტები.
სტუმრებმა ასევე ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასიც იხილეს, რომელშიც მონაწილეობა თავადაც მიიღეს და შემდეგ პროდუქტი უსასყიდლოდ დააგემოვნეს.
ფესტივალზე სომელიე თეონა თოხაძემ, მოხალისეებს ღვინის ბუნებრივი არომატიზატორებიც დააგემოვნებინა და სტუმრებს ღვინოში ბუნებრივი არომატიზატორების მნიშვნელობა აუხსნა.
ასევე თეონა თოხაძემ და სხვა სომელიეებმა ოთხ ნომინაციაში გამარჯვებული ღვინოებიც გამოაცხადეს და დებიუტანტი მეღვინეობაც გამოარჩიეს.
ფესტივალზე ასევე სხვადასხვა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ჯგუფებიც იყვნენ წარმოდგენილნი, რომლებიც მოსულ სტუმრებს სასიამოვნო ნომრებს სთავაზობდნენ. ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დრამების შოუსთვისაც ედევნებინათ თვალი. ბავშვებს კი, ორგანიზატორებმა ადგილზე ოჩოფეხებიც დაახვედრეს.
ფესტივალის ფარგლებში ასევე ორგანიზატორებმა სტუმრები, შემთხვევითობის პრინციპით სხვადასხვა საჩუქრებითაც დააჯილდოვეს.
ფესტივალის მიმდინარეობისას ხალხის ყურადღება ქალი-ვაზის ქანდაკებამაც მიიპყრო და დიდი აღტაცებაც გამოიწვია.
ფესტივალის ბოლოს კი, ორგანიზატორებმა მონაწილე ყველა კომპანია სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.