წინასწარი შედეგების თანახმად, ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ ლიდერობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნების 91 პროცენტში ბიულეტენების დამუშავების შედეგების მიხედვით, „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ არჩევნებში ხმების 20.7% მოიპოვა, მეორე ადგილზე ხმების 16%-ზე მეტით, მოქმედი პრემიერ-მინისტრის კონსერვატიული „სამშობლოს კავშირია“, მესამეზე კი, 15.9-ით, პოპულისტური პარტია “ნემუნო აუშრაა”. ლიეტუვის სეიმის არჩევნებში კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩეველთა 52.06%-მა მიიღო. შეგახსენებთ, ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა, რომელშიც ამომრჩეველი, პროპორციული წარმომადგენლობის საფუძველზე, სეიმის 70 წევრს ირჩევს. მათ ერთმანდატიანი ოლქებიდან ის კანდიდატები შეუერთდებიან, რომლებიც ხმების 50%-ზე მეტს მოიპოვებენ. მეორე ტური 27 ოქტომბერს გაიმართება.