2022-2023 წლებში საქართველოში საცხოვრებლად რუსეთის 114 900 მოქალაქე ჩამოვიდა, ინფორმაცის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს. IDFI კვლევის თანახმად, ამავე პერიოდში საქართველო რუსეთის 41 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, საცხოვრებლად კი 73 ათას 700 მოქალაქე დარჩა. ორგანიზაციის მონაცემებით, ორი წლის განმავლობაში ემიგრაციაში 118 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა , ვიდრე უკან სამშობლოში დაბრუნდა. ანუ, 2022-2023 წლებში ემიგრაციაში საქართველოს 264 ათას 300 მოქალაქე წავიდა, საიდანაც 146 ათას 300 უკან დაბრუნდა და შესაბამისად, 118 ათასი მოქალაქე ემიგრაციაში დარჩა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნიდან წასული მოქალაქეების უდიდესი ნაწილი - 70%, 30 წლამდე ასაკის პირია, მათ შორის 43% ბავშვია. რაც შეეხება ბოლო 10 წლის მონაცემებს, საქართველოდან ემიგრაციაში 815 608 მოქალაქე წავიდა და 550 919 პირი დაბრუნდა. გაეროს მონაცემებით, 2020 წელს ემიგრაციაში იმყოფებოდა საქართველოში დაბადებული 861 077 პირი. არსებული დინამიკის გათვალისწინებით მათი რიცხვი 2024 წელს მილიონამდე გაიზრდება.