დედაქალაქში დიდი ზომის საოფისე ფართებზე მოთხოვნა გაიზარდა, რის გამოც, ბიზნეს ცენტრებში ასეთი მოცულობის კომერციული ფართები ფაქტობრივად დეფიციტშია. ამის შესახებ კვლევას „ქოლიერსი“ ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ამის მიზეზი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მსხვილი კომპანიების აქტიურობაა. შედეგად, კი დედაქალაქში უძრავი ქონების ბაზარი დღითიდღე უფრო კონკურენტული ხდება. ქოლიერსი წერს, რომ ადგილობრივ მოთხოვნასთან ერთად, დიდია დაინტერესება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც. ძირითადი გამომწვევი ფაქტორი კი საერთაშორისო ორგანიზაციების გაფართოება და საოფისე ფართების გაუმჯობესების სურვილია. ყველაზე მაღალია მოთხოვნა 1000 მ² და მეტი სივრცის საოფისე ფართების მოძიებაზე, ბიზნეს ცენტრებში, ასევე კომპანიები უპირატოსებას ანიჭებენ სივრცის ერთ სართულზე განთავსებას, რაც უკეთეს კოორდინაციასა და ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს. თუმცა, ამგვარი ფართების მოძიება საკმაოდ რთულია, რადგან ბიზნეს ცენტრებისა და მათში არსებული დიდი საოფისე ფართების რაოდენობა შეზღუდულია“,- ნათქვამია კვლევაში.