რუსული კანონის მიღების შემდგომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გააძლიერა დამოუკიდებელ მედიებზე ზეწოლა, მათ შორის კომუნიკაციების კომისიისა თუ სასამართლოზე საკუთარი გავლენის გამოყენებით , - ამის შესახებ განცხადებას „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედებები არღვევს როგორც მედიის უფლებებს, ასევე, ძირს უთხრის ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს, რომლებიც აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის.
კოალიცია აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს კი პირდაპირ გავლენას ახდენს მოქალაქეების ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაზე.
„კომუნიკაციების კომისიის ბოლოდროინდელი ქმედებები ხაზს უსვამს სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების შემაშფოთებელ ტენდენციას. კერძოდ, მარეგულირებელმა “ქართული ოცნების” საჩივრის საფუძველზე ტელეკომპანია „მთავარ არხს“, „ტვ პირველს“ და „ფორმულას“ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა, უკრაინელი ხალხის ტრაგედიის გამოყენების არაეთიკური რეკლამების გამოუქვეყნებლობის გამო. ევროპის კავშირმა საკუთარ რეზოლუციაშიც დაგმო „ქართული ოცნების“ მიერ უკრაინის ომის ფოტოების გამოყენება, რომლის მიზანიც წინასაარჩევნოდ „აზრის მანიპულირება, დეზინფორმაციისა და პრორუსული და ანტი-უკრაინული განწყობების გავრცელებაა“. ეს სადამსჯელო ზომები არა მხოლოდ არღვევს მედიის დამოუკიდებლობას, არამედ აძლიერებს პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელიც შეესაბამება მმართველი პარტიის დღის წესრიგს.
ამავე პერიოდში მარეგულირებელმა კომისიამ „ედისონ რისერჩის" კვლევის საფუძველზე ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭების გამო ტელეკომპანია “ფორმულა“ სამართალდამრღვევად ცნო და ოქმი შეუდგინა. აღნიშნული გადაწყვეტილებაც მორიგი დასტურია სისტემური მიკერძოებისა, რომელიც საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს და წინასაარჩევნოდ მედიის დასჯის მცდელობას წარმოადგენს. შედეგად საზოგადოება მოკლებულია სხვადასხვა თვალსაზრისს, რაც უზღუდავს პოლიტიკური პარტიების გზავნილების გაცნობასა და ერთმანეთთან შედარებას.
სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობა არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო ართულებს. ნაცვლად ეფექტური სასამართლო ზედამხედველობისა, მართლმსაჯულებამ ცალსახად გაიზიარა მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები და შედეგად კრიტიკული მედიები დააჯარიმა. აღნიშნული ქმედებები კი კრიტიკული გაშუქებისა თუ განსხვავებული მოსაზრებების გაჩუმების მკაფიო მცდელობაა.
აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული სამართალწარმოების საზოგადოების ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPP) სარჩელის გამოყენება კვლავ პრობლემურია. მმართველ პარტიასთან დაკავშირებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ოქტომბერს „ტვ პირველსა“ და მის ჟურნალისტს, სოფიკო ნიაურს 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.
ჟურნალისტების დაშინება, როგორიცაა “აჭარა თაიმსის“ დამფუძნებლისა და რედაქტორის სულხან მესხიძის მიმართ საგანგაშოა. იმ დროს როდესაც “ქართული ოცნების” უმაღლესი ხელმძღვანელი პირები, კერძოდ პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობა 11 ოქტომბერს ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთი საზეიმოდ გახსნა, ონლაინ გამოცემამ საზოგადოებას ამცნო, რომ გზა რეალურად არ დასრულებულა და ის ბეტონის ფილებით არის გადაკეტილი. გაშუქების საპასუხოდ ჟურნალისტ სულხან მესხიძის უცნობმა პირმა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები გაუგზავნა მობილურ ტელეფონზე.
მუქარის ინციდენტი თუ ადმინისტრაციული უწყებების მიკერძოებული გადაწყვეტილებები ხაზს უსვამს იმ საფრთხეებს, რომლებსაც დამოუკიდებელი ჟურნალისტები აწყდებიან თავიანთი მოვალეობის შესრულებისას. ასეთი შევიწროება ასახავს “ქართული ოცნების” მიერ წახალისებულ მტრულ კლიმატს მედიის პროფესიონალების მიმართ, ხელს უშლის სიმართლის ძიებას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მედიის მიმართ.
ეს მტრული გარემო არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ჟურნალისტებს, არამედ ამცირებს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციის ხარისხს, რაც კიდევ უფრო აშორებს მოქალაქეებს დემოკრატიული პროცესისგან. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ისეთ მედია გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ინფორმირებულ დიალოგს, რაც თავის მხრივ საზოგადოების ინფორმირებული გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვანია”, - ნათქვამია განცხადებაში.