ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 1700 ბინის მშენებლობა დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 7 კორპუსი აშენდება - ექვსი 12-სართულიანი და ერთი 14-სართულიანი. პროექტს კომპანია „ანაგი" განახორციელებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან და კომპანია „ანაგის" გენერალურ დირექტორთან, ირაკლი გოგოლიშვილთან ერთად, მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უკვე ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო ბინები სხვადასხვა ლოკაციაზე და პროექტი აღნიშნული პროცესის გაგრძელებაა.