აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ადვოკატები საქართველოს გენერალურ პროკურორთან, გიორგი გაბიტაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ამასთან, უფლებადამცველები სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტს საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.
ადვოკატები აღნიშნული სარჩელით მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და დეპარტამენტისთვის ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ.
„სოციალური სამართლიანობის“ იურისტის, ქეთი ჩუთლაშვილის განცხადებით, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უკვე 26-ე დღეა შიმშილობს, მძიმეა, მას გადაადგილება და მეტყველება უჭირს.
„აფგან დასიგოვი რამდენიმე თვის წინ, საქართველოს პოლიციამ დააკავა, მისი დაკავების მიზეზი ექსტრადიციაა, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლება მისთვის სადიგოვის გადაცემას ითხოვს. სადიგოვი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და რედაქტორია, ის წინა წლებში, სხვადასხვა დროს, 2-ჯერ სისხლის სამართლებრივი და 3-ჯერ ადმინისტრაციული წესით იყო აზერბაიჯანში დაკავებული. არაერთი საერთაშორისო ორგანზიაცია წერდა, რომ მისი საქმეები პოლიტიზებული, ფაბრიკაცული იყო. დაკავების შემდეგ, აფგან სადიგოვმა მისი ჟურნალისტური საქმიანობა არ შეწყვიტა და აზერბაიჯანის ხელისუფლების კორუფციაში, ძალადობაში, თუ სხვადასხვა უფლებების დარღვევის ფაქტებზე მხილებას აგრძელებდა. ხელისუფლებას მისი კიდევ ერთხელ დასჯისა და დაპატიმრების ინტერესი გაუჩნდა და სადიგოვის ექსტრადიცია მოითხოვა.
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში მეორე პატიმრობის დროს, 242 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რის გამოც, ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მძიმე დაავადებები განუვითარდა, 95 კგ-დან 40 კგ-მდე დაიკლო, ეტლით გადაადგილდებოდა, მას რეაბილიტაციისთვის რამდენიმე თვე დასჭირდა, საქართველოში ჩამოსვლის მიზანიც სწორედ, სამედიცინო და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია იყო.
სადიგოვმა მიგრაციის დეპარტამენტს საერთაშორისო დაცვაზე მიმართა. დაჩქარებულად, აშკარაა, რომ დოკუმენტების სათანადო განხილვის გარეშე, სრულიად მოულოდნელად, მიგრაციის დეპარტამენტმა მას უარი უთხრა საერთაშორისო დაცვაზე, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. მათი არგუმენტი იყო ის, რომ აზერბაიჯანში უფლების დარღვევის მაღალი რისკები არ არის, რაც, ჩვენი აზრით, დაუსაბუთებელია. სარჩელში წარმოდგენილი გვაქვს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ძალიან მძიმე შეფასება აზერბაიჯანში არსებული მძიმე მდგომარეობის, სამედიცინო დეპარტამენტებში არსებული მძიმე სიტუაციის, სასამართლოს პოლიტიზების, კორუმპირებულობის, პოლიტპატიმრების მაღალი რიცხვის და მათი დევნის შესახებ, თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ეს ძალიან ხილული რეალობა ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო და ეს გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნულს სასამართლოში ვასაჩივრებთ“, - აცხადებს ჩუთლაშვილი.
მისი განმარტებით, სადგიოვის ოჯახის წევრები აზერბაიჯანიდან მუქარის გზავნილებს რეგულარულად იღებენ.
„ახლა აფგან სადიგოვის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მან 26 დღის წინ დაიწყო შიმშილობა, წინა, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასუსტებულია, ამიტომ ახლა ის ძალიან ცუდად გრძნობს თავს, გადაადგილება, საუბარიც კი უჭირს. თბილისში რჩებიან მისი მეუღლე, სევინჩ სადიგოვი და ორი მცირეწლოვანი შვილი, ისინი აქ აზერბაიჯანიდან მუქარის გზავნილებს რეგულარულად იღებენ, მათ განცდა აქვთ, რომ გარკვეული პირები მათ უთვალთვალებენ. ბავშვები სკოლაში სწორედ უსაფრთხოების რისკების გამო არ დადიან, დედას არ უნდა, რომ შვილები მისი ყურადღების გარეშე დატოვოს, მათ სწორედ შვილებთან დაკავშირებით აზერბაიჯანში არაერთხელ მიიღეს ძალიან მძიმე მუქარები.
ერთის მხრივ, მედიას, პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებთ, ამ საქმით დაინტერესდნენ. ამავდროულად, სასამართლოს მოვუწოდებთ, რომ მხედველობაში მიიღოს ყველა ის არგუმენტი და მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეზე წარვადგინეთ და აფგან სადიგოვს საერთაშორისო დაცვა მიანიჭოს, რაც ექსტრადიციის პროცესის შეჩერების საფუძველი გახდება. ასევე, ძალიან მკაფიო მოთხოვნები გვაქვს პროკურატურის მიმართ, ჩვენ პროკურატურას ვთხოვთ საექსტრადიციო პროცესის გაჩერებას, რადგან ეს პროცესი წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა აბსოლუტურ სტანდარტებთან და საერთაშორისო ვალდებულებებთან. სადიგოვის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი საექსტრადიციო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს. ამ საქმეზე მსჯელობისთვის ვთხოვთ შეხვედრას გენერალურ პროკურორს, აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურაში წერილიც გაგზავნილი გვაქვს. ჩვენი აზრით, საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ ლოიალობას ავლენს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ და ადამიანის უფლებების დაცვის ძალიან მნიშვნელოვან სტანდარტებს უგულებელყოფს“, - აცხადებს ჩუთლაშვილი.
ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა შიმშილობა გასულ თვეს დაიწყო. აღნიშნულის მიზეზი შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტისგან საერთაშორისო დაცვაზე უარია.
ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი საქართველოში მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებიან.