უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სარდალთან, ენტონი რადაკინთან საუბრისას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ღრმა დარტყმების შესაძლებლობა და „გამარჯვების გეგმის“ განხორციელება განიხილა.
შეხვედრის შემდეგ სირსკიმ განაცხადა, რომ საუბრისას ცალ-ცალკე განიხილეს რუსულ სამხედრო ობიექტებზე ოპერატიულ და სტრატეგიულ სიღრმეში დარტყმის შესაძლებლობები.
„ახლა ბრიტანული მხარე მუშაობს საკუთარ წინადადებებზე, „გამარჯვების გეგმის“ პრაქტიკული განხორციელების ფარგლებში“, - აღნიშნა სირსკიმ.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევასა და სამხედრო დანაშაულების ჩადენაზე, კერძოდ, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებსა და სამოქალაქო სამიზნეების მასიურ დაბომბვაზე.