კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ხელწერით, მსგავსი ტყუილებითა და რეპუტაციის შელახვის მცდელობით, გახარიას პარტია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
კახა ბექაურის განცხადებას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
კახა ბექაური აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ პროკურორს, ნათია მეზვრიშვილს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სამაგალითო საჯარო მოხელეა, თვალი ისევ კანონიერი გზით მიღებული ქონებისა და ბიზნესის დაყაჩაღებაზე უჭირავს და პარტიის ლიდერები ცილისწამებითა და აბსურდული ტყუილებით ცდილობენ შექმნან საზოგადოებრივი აზრი იმის შესახებ, რომ მან კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი თითქოს კანონდარღვევით, ან სახელმწიფოს ხარჯზე მიიღო“. ბექაურის განცხადებით, მის კომპანიას არც ერთი პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვა არ მიუღია არსებობის მანძილზე და არც სახელმწიფო ტენდერებში მიუღია არასდროს მონაწილეობა.“
„არასდროს მიმიღია სახელმწიფოსგან შემოსავალი და რაც ჩემი ბიზნესსაქმიანობიდან გამაჩნია, ყველაფერი კანონიერი და ლეგალური გზით მაქვს მიღებული. ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ 73 მილიონი ლარის 211 სახელმწიფო შესყიდვა აქვს ჩემს კომპანიას მიღებული. ეს დიდი ტყუილი ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რომ თითქოს ჩემი კომპანია და მე შემოსავლებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვიღებთ. 211 კი არა, ერთი სახელმწიფო შესყიდვა არ მიუღია ჩემს კომპანიას არსებობის მანძილზე, 73 მილიონი კი არა, ერთი თეთრი არ მიუღია სახელმწიფო შესყიდვების გზით ხაზინიდან. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ პროკურორს, ნათია მეზვრიშვილს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სამაგალითო საჯარო მოხელეა, თვალი ისევ კანონიერი გზით მიღებული ქონების და ბიზნესის დაყაჩაღებაზე უჭირავს. ის „ნაცმოძრაობის“ სტილში, ყალბი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს საზოგადოებაში არასწორი აზრის ფორმირებას - თითქოს ბიუჯეტიდან იღებდა ჩემი კომპანია შემოსავლებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პროკურორს კარგად აქვს ნასწავლი ლეგალური გზით მიღებული შემოსავლისა და ქონების დაყაჩაღების ხერხები. თუმცა, ამ ყველაფერს პოზიტიური მხარე აქვს - ხელს უწყობს საზოგადოების მხრიდან გახარიას პარტიაზე არჩევნების წინ საკუთარი აზრის ფორმირებას და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას“, - ამბობს კახა ბექაური, რომლის განცხადებასაც კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.