ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა.
შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის დანიშვნა არჩევნებთან დაკავშირებულმა წინაპირობებმა გამოიწვია.
„2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის პერიოდში შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვა დაენიშნოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა,“- ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
დოკუმენტი 10 ოქტომბრით თარიღდება.
ცნობისთვის, “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს ან გაუგრძელდეს თანამდებობის პირს და მისი ოჯახის წევრებს აღნიშნული პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი არ არის და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.