საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრი, ბიბლიოთეკა და მუზეუმი დაათვალიერა. მთავრობის მეთაურის თქმით, ცენტრი იქნება ახალგაზრდებისთვის სივრცე, სადაც ისინი საკუთარი ინტერესების რეალიზებას შეძლებენ. ბიბლიოთეკა დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა. 3000 კვადრატული მეტრი ფართის შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც მოიცავს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამკითხველო დარბაზს, მედიათეკას, სამუშაო, საკონფერენციო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებს. ახალგაზრდული ცენტრის შენობაში გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრის განთავსება, სამუზეუმო სივრცეში კი მოეწყობა გამოფენები.