ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კი „მმართველმა გუნდმა დაიწყო აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით“.
„მინდა მოგილოცოთ ვეტერანთა დღე ჩვენს ძვირფას ვეტერანებს, თავდაცვის ძალების, პოლიციის, სპეციალური სამსახურების ღირსეულ მებრძოლებს, სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანებს.
ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი. ამიტომ, თქვენს კეთილდღეობაზე ზრუნვა, თქვენი ღვაწლისა და გმირობის სათანადო დაფასება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ის, რომ წელს ამ დღეს მეათედ აღვნიშნავთ, სწორედ ამის დასტურია.
წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები, საყოველთაო დაზღვევის მინიმალური პაკეტიც კი ვეტერანებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით; საფუძველი ჩავუყარეთ ვეტერანთა საქმეების სამსახურის შექმნას და ვეტერანებზე ზრუნვა პრიორიტეტად ვაქციეთ. ამ წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით თქვენი დამსახურებების სათანადოდ დასაფასებლად“, - განაცხადა პრემიერმა.