სავალუტო ბაზარზე მოკლევადიანია რყევების შესარბილებლად ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან თითქმის 70 მმილიონი დოლარი გაყიდა. სავალუტო აუქციონზე სებ-მა გასაყიდად 70 მლნ. დოლარი გამოიტანა და 64 მილიონ 900 ათასი დოლარი გაიყიდა. სებ-ის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2 ლარი და 71 თეთრი შეადგინა. როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას. სავალუტო აუქციონზე დოლარის გაყიდვის გადაწყვეტილება კი სებ-მა ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით მიიღო. ქვეყნის მთავარი ფინანსური მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი მერყეობები მოკლევადიანია. განცხადებაში, რომელიც სავალუტო რეზერვების გაყიდვის მიზეზებს ხსნის ასევე ხაზგასმულია, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყანაში კვლავ ძლიერია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია.
წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში საქონლის ექსპორტი 17%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.1%-ით შემცირდა, ამასთანავე, საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს“, - ვკითხულობთ სებ-ის განცხადებაში. ცნობისათვის, ეს უკვე მეორე აუქციონია ოქტომბერში, როდესაც სებ-მა ბაზარს დოლარი მიაწოდა. 8 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც 48 მილიონ 500 ათასი დოლარი გაყიდა.