ხაჭაპურის მომზადება ისევ გაძვირდა, ყველაზე ძვირადღირებული ბაზარი თბილისია. მიმდინარე წლის სექტემბერში, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6 ლარი და 48 თეთრი შეადგინა. ამის შესახებ კვლევას ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, აგვისტოსა და სექტემბერში, ხაჭაპურის მომზადების საფასური მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. მაგალითისთვის, ივლისთან შედარებით სექტემბერში ხაჭაპურის ინდექსი 13%-ით არის გაზრდილი. კვლევაში ვკითხულობთ, რომ ფასის ზრდა მეტწილად ყველის გაძვირებამ გამოიწვია, რომლის ფასიც ბოლო სამი თვის განმავლობაში 22%-ით გაიზარდა, რაც სეზონურ ცვლილებებს უკავშირდება. სეზონური ცვლილებების გარდა, მიმდინარე წლის სექტემბერში ხაჭაპურის საშუალო ფასი 10.3%-ით აღემატებოდა გასული წლის სექტემბრის მაჩვენებელსაც. აღსანიშნავია ისიც, რომ „აისეტის“ ცნობით, წელს სექტემბერში ხაჭაპურის ინგრედიენტებისთვის ყველაზე ძვირადღირებული ბაზარი თბილისი აღმოჩნდა, სადაც ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 7 ლარი და 4 თეთრი შეადგინა, რაც 8.5%-ით აღემატება ქვეყნის საერთო მაჩვენებელს. თბილისისგან განსხვავებით, ხაჭაპურის მომზადების ფასი ყველაზე ხელმისაწვდომი ბათუმშია, სადაც ერთი ხაჭაპურის მომზადება 6 ლარი და 18 თეთრი ჯდება. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ხაჭაპურის ინდექსი, რომლის შთაგონების წყაროც ჟურნალ Economist-ის ბიგ მაკის ინდექსია, ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორია და ეფუძნება მხოლოდ ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტების ფასებს, ხოლო რა ფასად იყიდება უკვე მზა პროდუქტი საცალო ქსელში მომხმარებელს უკეთ მოეხსენება.