რუსეთი საქართველოსგან ელექტროენერგიის იმპორტს ითხოვს.
რუსეთის ფედერაციაში, ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის ერთადერთი ოპერატორი, Inter RAO ავარიის პერიოდში საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. როგორც კომპანიის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, მათ აზერბაიჯანისგან და საქართველოსგან ითხოვეს, ავარიული რეჟიმის დროს თითოეულმა 300 მეგავატი ელექტროენერგია მიაწოდოს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ. ივლისის შუა რიცხვებში, როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ, სამხრეთ რუსეთში, დაახლოებით, 2,5 მლნ ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ავარიის შემდეგ ელექტროენერგიის გათიშვის გრაფიკი მთელ რიგ რეგიონებში, მათ შორის, კრასნოდარში, დონის როსტოვში, ყაბარდო-ბალყარეთსა და ანექსირებულ ყირიმში დაწესდა. როსტოვის ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდი სადგურია ქვეყნის სამხრეთში, რომლის სიმძლავრეც 4 გიგავატია. ის გამომუშავებით რუსეთში პირველ სამეულშია და ელექტროენერგიით სამხრეთ ოლქებსა და ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ 26 მილიონზე მეტ ადამიანს ამარაგებს. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში ავარიის მიზეზად „ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურით გამოწვეულ მაღალ სეზონური მოხმარებას“ ასახელებს. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საქართველოდან რუსეთში ელექტროენერგია საკმაოდ დიდი რაოდენობით გადიოდა. საქსტატის მონაცემებით, ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობით დენი რუსეთში 2017 გავიდა, 5 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების. მას შემდეგ ელექტროენერგიის ექსპორტი მცირდებოდა, თუმცა უკვე 2024 წლის იანვარ-აგვისტოში წინა 2 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად მოიმატა. მაგალითად, მიმდინარე წლის განმავლობაში, რუსეთში საქართველოდან ელექტროენერგიის იმპორტმა დაახლოებით 140 ათასი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს, ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მოცულობით დენი ჩრდილოეთიდან 2014 წელს შემოვიტანეთ, რაშიც დაახლოებით 38 მლნ დოლარი გადავიხადეთ, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში კი რუსეთიდან საქართველოში მხოლოდ ნახევარი მილიონი დოლარის დენის იმპორტი განხორციელდა.