ქუთაისის აეროპორტი ერთადერთი იქნება საქართველოში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდებს მიიღებს. 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის აშენების შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში ერთადერთი იქნება, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვის გარეშე შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. აქვე ნათქვამმია, რომ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარებას, ხოლო დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღება ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს შორი მანძილებიდან ახალი ავია-მიმართულებები დაემატოს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება უპრეცედენტოდ დიდია და 240 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში აეროპორტში განხორციელებულ კაპიტალურ დანახარჯებს 40 მლნ ლარით აღემატება. ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენ ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზე მუშაობაც მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IATA კონსალტინგმა ცოტა ხნის წინ დაასრულა. პროექტს სამშენებლო კომპანია ,,ანაგი" განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება.