ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელზედაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში აშკარად დემოკრატიული უკუსვლაა, შემდეგი არჩევნები სიმართლის მომენტი იქნება და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სვლა, ევროპისკენ თუ საპირისპიროდ.
საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამაც.
„საქართველო არის დიდი საკითხი. საქართველოში გაიმართება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს მიმართულების შესახებაც. თუკი ისინი შეინარჩუნებენ ამჟამინდელ სტატუს-კვოს, არ ვფიქრობ, რომ საქართველო ზრუნავს შანსებზე, მიაღწიოს პროგრესს და წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე, თუკი გამარჯვებას პროევროპული ძალები მიაღწევენ, მაშინ შეიძლება ველოდოთ განსხვავებულ გზას და ჩვენ ამას ძალიან მივესალმებით“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ევროპული საბჭოს სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საკითხია და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, ევროკავშირის ლიდერებს გამარჯვების ხუთპუნქტიანი გეგმა წარუდგინა.
ევროპელი ლიდერები, ორდღიანი სხდომის ფარგლებში, ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, მიგრაციის საკითხსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.