ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა საქართველოზე კრიტიკული დეკლარაცია მიიღო. დოკუმენტში კონგრესი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის აშკარა ნიშნებისა და ადამიანის უფლებების შესუსტების გამო, რაც გამოიხატება საზოგადოების გაზრდილი პოლარიზაციითა და ევროპის საბჭოს სტანდარტების საწინააღმდეგო კანონების მიღებით. დეკლარაციაში ნახსენებია მათ მიერ მიმდინარე წლის 2 ივლისს გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც ხაზგასმული იყო საქართველოს დემოკრატიული ნორმებიდან და სტანდარტებიდან გადახრის რისკი და საუბარი იყო გახშირებულ თავდასხმებზე, დაშინებასა და განსხვავებული აზრის გამომხატველ პირებზე განხორციელებულ ზეწოლაზე.