დანიამ უკრაინისთვის 320 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა. ამის შესახებ განცხადებას დანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, დანიის მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 21-ე პაკეტი მოამზადა, რომლის ღირებულებაც 2.4 მილიარდ დანიურ კრონას შეადგენს (დაახლოებით 320 მილიონი ევრო), რომელიც მიემართება არა მხოლოდ იარაღის საწყობებიდან გადაცემაზე, არამედ საერთაშორისო მიმწოდებლებისგან შეკვეთაზეც.
უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ითვალისწინებს დანიის არმიის მარაგებიდან იარაღის გადაცემას, გერმანიასთან თანამშრომლობით საჰაერო თავდაცვის სისტემების დაფინანსებას და უკრაინისთვის საერთაშორისო ფონდში წვლილის შეტანას, რომელსაც დიდი ბრიტანეთი მეთაურობს.
დამატებითი სახსრები უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების საწვრთნელო ღონისძიებების გაფართოებაზე მიემართება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაფინანსების გამოყოფა ჯერ დანიის პარლამენტის ფინანსურმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს.